995 571536600 contact@protestant.ge

ვნების კვირაში ოთხშაბათ საღამო ეგრეთწოდებული იუდას ღამეა

“და შევიდა სატანა იუდაში, ისკარიოტელად წოდებულში, რომელიც ერთი თორმეტთაგანი იყო. წავიდა და მოელაპარაკა მღვდელმთავრებსა და მცველთა მეთაურებს, როგორ გაეცა მათთვის იესო. გაუხარდათ და დათანხმდნენ ვერცხლის მიცემას.” ლუკ.22:3-5;
იუდა ისკარიოტელი. ძალიამ ბევრი უპასუხო კითხვაა ამ ბნელით მოცული პერსონის ირგვლივ. რატომ გასცა იუდამ იესო? პასუხი როგორც ყოველთვის მარტივია: ფულის გამო, მას ხომ ოცდაათი ვერცხლი გადაუხადეს? მაშინ რაღატომ დააბრუნა მან ეს ფული და რატომ ჩამოიხრჩო თავი? თუ მიზანი ფული იყო, მან ხომ მიიღო ფული? სად არის აქ ლოგიკა?
მოციქული იოანე მას ქურდად მოიხსენიებს: “ეს იმიტომ კი არ თქვა, რომ ღარიბებზე ზრუნავდა, არამედ იმიტომ, რომ ქურდი იყო. ყულაბა მას ჰქონდა და რასაც შიგ ყრიდნენ, ის იღებდა.” იოანე. 12:6;
იუდა, იესოს მსახურების მოლარე იყო, მას ებარა სალარო, ის განკარგავდა ფინასებს და როგორც წმინდა მოციქული ამბობს, არც თუ კეთილსინდისიერად.
იესოს მოწაფეების აბსოლუტური უმრავლესობის წარმოსახვაში მესია იყო მეომარი, ძლევამოსილი, განმათავისუფლებელი, დამბყრობთა დამთრგუნველი მეფე-იმპერატორი, მესიანისტური იმპერიის დამაარსებელი. ხოლო იმპერატორის გარემოცვად და იმპერიის ჩინოვნიკებად ალბად მოწაფეები თავის თავს განიხილავდნენ. ამას მოწმობს სახარებაში მოთხრობილი ერთი ფაქტი. “მაშინ მივიდა მასთან ზებედეს ძეთა დედა თავის ვაჟებთან ერთად, თაყვანს სცემდა და რაღაცას სთხოვდა მას. მან ჰკითხა: “რა გინდა?” ხოლო ქალმა მიუგო: “ბრძანე, რომ შენს სამეფოში, ერთი შენ მარჯვნივ, მეორე კი შენ მარცხნივ დაჯდეს ჩემს ამ ორ ძეთაგან”. მათ.20:20-21; ალბად იუდა იესოს მესიანისტურ იმპერიაში ფინანსთა მინისტრად ხედავდა თავის თავს. ეს კი უსაზღვრო შესაძლებლობები იყო.
უყვარდა იუდას იესო? როგორც მისი მოქმედებებიდან ჩანს არა. ის უფალში, მხოლოდ გამდიდრების და საკუთარი კეთილდღეობის წყაროს ხედავდა. იყოს იესო მესია, რატომაც არა, თუ მე ფინანსთა მინისტრი გავდხები.
მას ალბად იმედიც გაუჩნდა, როცა იესო ზეიმით შევიდა იერუსალიმში, როცა ხალხი პალმის რტოებს ტეხდა და ფეხქვეშ უფენდა, როცა საკუთარ სამოსელს უფენდნენ ფეხქვეშ, როცა ეძახდნენ “ოსანა დავითის ძეს! კუღთხეულია უფლის სახელით მომავალი”. მაგრამ იესოს სწვალება, მტრის სიყვარულზე, მეორე ლოყის მიშვერაზე, თავმდაბლობასა და მოწყალებაზე მის გეგმებს ეწინააღმდეგებოდა. მან ალბად ძლიერი იმედგაცრუება განიცადა, როცა იესომ ზედა სამოსელი გადადო და მოწაფეების ფეხების ბანვა დაიწყო. ყველამ იცოდა, რომ ეს მონის სამუშაო იყო, რომ ამ საქმეს მხოლოდ მონები აკეთებდნენ. მონა? მესია მონა? იესოს გულგრილი დამოკიდებულება ძალაუფლების მიმართ: “თქვენ შორის ასე ნუ იქნება; არამედ, ვისაც სურს თქვენ შორის დიდი იყოს, ის თქვენს მსახურად იქცეს.” მათ.20:26; ეს იუდას გეგმებს ეწინააღმდეგებოდა.
როგორც ეკლესიის მამების სწავლებაშია გადმოცემული ბოროტი სული ადამიანზე მისდგომს პოულობს მისი ვნებების მეშვეობით. “არამედ ყოველი ცდუნდება თავისი გულისთქმით, რომელიც წარიტაცებს და აცდუნებს მას.” იაკ. 1-14;
ეხლა უკვე გასაგები ხდება ლუკა მახარებლის ნათქვამი: “და შევიდა სატანა იუდაში…”.
მაგრამ მაინც ბუნდოვანია კითხვა, მაშინ რატომ გასცა იუდამ იესო? იესო არ მიდიოდა იმ მიმართულებით, როგორც ეს იუდასთვის იყო სასურველი. ამ მდგომარეობაში ჩავარდნილი, ბოროტისგან გაკონტროლებული ადამიანები მოქმედებაზე გადადიან. იუდას არა ერთხელ ქონდა ნანახი იესოს მიერ მოხდენილი დიდებული სასწაულები, მას ასევე ნანახი ქონდა, მასთან პოლემიკაში მყოფი ადამიანების უსიტყვო კაპიტულაცია. ამიტომ მან გადაწყვიტა მოეწყო ისე, რომ იესო და მღვდელმთავრები, იესო და სინედრიონი შეეხვედრებინა. ის დარწმუნებული იყო, რომ იესო თავს იმართლებდა, დაამტკიცებდა იმას, რაც მის მოწაფეებს სჯეროდა. და სინედრიონი მიხვდებოდა, რომ ის მეფეა. დიდება მეფეს!
მაგრამ ის ვერ ხედავდა უფლის გულს. იესო დუმდა, ის თავს არ იმართლებდა. ჯვარზეც კი ამბობდა “აპატიე მამა”.
გაკოტრება…. ფინანსური, ფიზიკური, მორალური, სულიერი. მძიმეა ეს გრძნობა. დარჩა მხოლოდ 30 ვერცხლი და წყვდიადი……..
რადგან ყოველივე, რაც წინათ დაიწერა, ჩვენს სასწავლებლად დაიწერა, რათა მოთმინებით და წერილთა ნუგეშით გვქონდეს იმედი. რომ. 15:4;

ავტორი: შმაგი ჭანკვეტაძე

Leave a Reply