995 571536600 contact@protestant.ge

რელიგიური შემწყნარებლობა საქართველოში

25 ივლისს, საქართველოს ეროვნული მუზეუმის ეზოში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ პროექტის – „რელიგიური შემწყნარებლობა საქართველოში“ ფარგლებში გადაღებული ვიდეო რგოლის პრეზენტაცია გამართა. პრეზენტაციაზე მოწვეულნი იყვნენ საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წევრები, რელიგიურ ორგანიზაციათა ლიდერები.
რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ სიტყვით მიმართა შეკრებილ სტუმრებს: „საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა- 84% მართლმადიდებელი ქრისტიანია. ჩვენი ქვეყნის ისტორიასა და კულტურაში, ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებაში გაწეული ღვაწლის გამო,  სახელმწიფო აღიარებს მართლმადიდებლობის განსაკუთრებულ როლსა და დამსახურებას ქართული სახელმწიფოს წინაშე. მაგრამ, ქართულ სახელმწიფოს მართლმადიდებლებთან ერთად, სხვადასხვა რწმენის ადამიანებიც ქმნიდნენ. დღეს, ჩვენთან არიან სხვადასხვა რელიგიების წარმომადგენლები, სულიერი ლიდერები, რომლებიც, პირველ რიგში, ერთმანეთთან ურთიერთობით გვაჩვენებენ შემწყნარებლობის მაგალითებს და ამ სულისკვეთებას ატარებენ მრევლშიც. მეტსაც ვიტყვი: ასე რომ არ იყოს, თავად მრევლი – საქართველოს სხვადასხვა ეროვნების მოქალაქეები, არ აპატიებს არც ერთ მათგანს ჩვენი საერთო მონაპოვრის – რელიგიური და ეთნიკური შემწყნარებლობის უგულებელყოფას, რადგან შემწყნარებლობა ჩვენი სიმდიდრეა და მას განსაკუთრებულად უნდა მოვვუფრთხილდეთ.
ძალიან ხშირად ვიმეორებთ, მაგრამ  მსოფლიოში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, ხშირად უნდა გავახსენოთ სხვებსაც და საკუთარ თავსაც- ძველი თბილისის გული პატარა იერუსალიმია, სადაც სხვადასხვა რელიგიები მშვიდობიანად თანაარსებობენ და თანაცხოვრობენ. სწორედ ესაა რელიგიური შემწყნარებლობა, რაც ასე ჰაერივით სჭირდება თანამედროვე მსოფლიოს. საქართველოს ყველა მოქალაქე, მიუხედავად რწმენისა, თანაბარი უფლებებითა და თავისუფლებით სარგებლობს – ესაა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს -ე.ი. ქართული სახელმწიფოს გზავნილი თითოეული მოქალაქის მიმართ. თავად საქართველოს მოქალაქეები კი ამ გზავნილს საკუთარი ცხოვრების წესით ადასტურებენ“.
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო კილაძემ, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ  გიორგაძემ, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ მაღალი შეფასება მისცეს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს საქმიანობას რელიგიური შემწყნარებლობის ტრადიციის გაგრძელების თვალსაზრისით.

იხილეთ ვიდეო:

Leave a Reply