995 571536600 contact@protestant.ge

საქართველოს ევანგელური ალიანსის საგანგებო განცხადება 25 მარტი 2020 წ

საქართველოში და არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთელ მსოფლიოში შექმნილი ვითარების გამო, რაც დაკავშირებულია COVID19-ის პანდემიის სწრაფ გავრცელებასთან, საქართველოს ევანგელური ეკლესიები აცხადებენ სრულ მხარდაჭერას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მითითებებისა და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებებისადმი.

ჩვენი ღრმა რწმენით, საღვთო წერილი არაორაზროვნად ასწავლის საერო და სასულიერო ძალაუფლებების შესახებ. ეს ორი ხელისუფლება ერთმანეთისაგან გამიჯნულია, მაგრამ არა დაპირისპირებული. უფალი საერო ხელისუფალთ „ღვთის მსახურთ“ უწოდებს (რომაელთა მიმართ ეპისტოლე 13 თავი) ისევე, როგორც ეკლესიას. ორივე მათგანს უფალი აძლევს ძალაუფლების მახვილს. საერო ხელისუფალთათვის ეს მახვილი გამოიხატება გამოცემულ კანონებსა და დეკრეტებში, რომელთა შესრულება უზრუნველყოფილია იძულების წესით, ხოლო ეკლესიას უფალმა სხვა მახვილი განუსაზღვრა, რაც არის ღვთის სიტყვის ქადაგება (ეფესელთა მიმართ ეპისტოლე 6 თავი).

წმინდა პავლე მოციქული აცხადებს: „ხელმწიფების მოწინააღმდეგე ეწინააღმდეგება ღმერთის დადგენილებას“. როდესაც საქმე ეხება საზოგადოებრივ უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას, ჩვენ ყველა უნდა ვმორჩილებდეთ უმაღლესს ხელმწიფებას, ხოლო სულიერ საკითხებთან მიმართებაში იქადაგება სახარება და მისდამი მორჩილება. ჩვენი მაცხოვარი იესო ქრისტე თავად არის ამგვარი მორჩილების უშესანიშნავესი მაგალითი. უფალმა ბრძანა: „მიაგეთ კეისარს კეისრისა, ხოლო ღმერთს ღმრთისა“ (მათეს სახარება 22 თავი).

გარდა ზემოთ თქმულისა, მტკიცედ გვჯერა, რომ ქრისტეს ამ ქვეყნად მოსვლით, ჩვენი ცოდვების გამო მისი ჯვარცმითა და მკვდრეთით აღდგომით, ღვთის ტაძრად გამოცხადებულია ქრისტეს თითოეული  მორწმუნე. წმინდა პავლე მოციქული ასწავლის და ამბობს: „არ იცით, რომ ღმერთის ტაძარი ხართ და ღმერთის სული ცხოვრობს თქვენში? თუ ვინმე დააზიანებს ღმერთის ტაძარს, ღმერთი დააზიანებს მას, რადგან წმინდაა ღმერთის ტაძარი და თქვენა ხართ ის“ (1 კორინთელთა მიმართ ეპისტოლე 3 თავი). აქედან გამომდინარე, თითოეული ჩვენგანის სიცოცხლის გაფრთხილება, ღვთის ტაძრის გაფრთხილებაა და მისი დამაზიანებელი პასუხს აგებს უზენაესი ღმერთის წინაშე.

შესაბამისად სახარების სწავლებისა, ჩვენი ღვთისმსახურებები არც ჩერდება და არც უქმდება, არამედ დროებით, ვიდრე განსაცდელი ჩაივლის, იცვლის აღსრულების ფორმას.

კიდევ ერთხელ, ჩვენ მოვუწოდებთ ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს ზედმიწევნით შეასრულოს მთავრობის მიერ დადგენილი საგანგებო მდგომარეობის წესები, მაქსიმალურად დარჩეს სახლში და გაუფრთხილდეს საკუთარ და სხვათა სიცოცხლეს.

ჩვენ ვლოცულობთ, რათა ღმერთმა გამოიღოს თავისი დიდი მოწყალება და დაგვიხსნას ყველა ამ განსაცდელის ჟამს.

ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი, წყალობა და მშვიდობა უხვობდეს საქართველოში და მთელ მსოფლიოში!

ᲓᲐᲢᲝᲕᲔᲗ ᲞᲐᲡᲣᲮᲘ