995 571536600 contact@protestant.ge

ტოლერანტობის საერთაშორისო დღე 2022

16 ნოემბერს მსოფლიოში ტოლერანტობის საერთაშორისო დღე აღინიშნება. 1995 წელს გაეროს გადაწყვეტილებით ეს დღე დაწესდა ტოლერანტობის საერთაშორისო დღედ.

საქართველოში ამ დღის აღნიშვნა დაიწყო 2004 წლიდან საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა და ეთნიკური საბჭოების მიერ, რაც დღემდე გრძელდება.

2014 წელს საქართველოს პრემიერ მინისტრის განკარგულებით შეიქმნა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო. 2015 წლიდან რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინიციატივით გადაწყდა საფუძველი ჩაყროდა ტრადიციას, რომ ტოლერანტობის საერთაშორისო დღის აღნიშვნისთვის რიგრიგობით ემასპინძლათ საქართველოში არსებულ რელიგიურ გაერთიანებებს. ტოლერანტობის დღე საქართველოში ამგვარი ფორმტით 2016 წლიდან აღინიშნება. ღონისძიების პირველი მასპინძელი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია იყო, 2017 წელს – ქართველ ებრაელთა თემი, 2018 წელს – ლათინ კათოლიკეთა კავკასიის ადმინისტრაცია, 2019 წელს – საქართველოს მუსლიმთა თემი, 2020 წელს – საქართველოს საერთაშორისო ბაპტისტური ეკლესიების კავშირი, 2021 წელს კი საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესია.

წელს კი ტოლერანტობის საერთაშორისო დღის აღნიშვნას უმასპინძლა საქართველოს სახარების რწმენის ეკლესიამ.

შეხვედრას ესწრებოდნენ: საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, ქართველ ებრაელთა თემის, მუსლიმთა სამმართველოს, ეზიდთა სასულიერო საბჭოს, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის, საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესიის, ლათინ კათოლიკეთა ადმინისტრაციის, საქართველოს ევანგელიურ-ლუთერული ეკლესიის, თბილისის საერთაშორისო ბაპტისტური ეკლესიის, საქართველოს ბაპტისტური ეკლესიების კავშირის წარმომადგენლები.შეკრებილ სტუმრებს მიესალმა და ტოლერანტობის საერთაშორისო დღე მიულოცა სახარების რწმენის ეკლესიის ეპისკოპოსმა ოლეგ ხუბაშვილმა, რომელმაც განსაკუთრებულად აღნიშნა საქართველოში ჩამოყალიბებული ტრადიციული ტოლერანტული გარემო.რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ შეკრებილთ დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ რელიგიის სააგენტოს მიერ დამკვიდრებული ტრადიცია – ტოლერანტობის საერთაშორისო დღის აღნიშვნა ერთ-ერთი რელიგიური თემის მიერ, ხელს უწყობს სხვადასხვა რელიგიურ ორგანიზაციებს შორის ურთიერთობების განმტკიცებას.

საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესია იყო და არის აქტიური მონაწილე ტოლერანტობის საერთაშორისო დღის ყველა ფორმატში აღნიშვნისა.

Leave a Reply