995 571536600 contact@protestant.ge

ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა და აცხადებს, რომ საელჩოს იქ გადაიტანს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამიერიდან აშშ იერუსალიმს ისრაელის დედაქალაქად აღიარებს – რასაც ქება და დადებითი შეფასება მოჰყვა ისრაელის მხრიდან, თუმცა განცხადება გააკრიტიკეს და დაგმეს სხვა ქვეყნებმა. 6 დეკემბრის გამოსვლაში ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტს დაავალა დაიწყოს სამუშაო აშშ-ის საელჩოს თელ-ავივიდან იერუსალიმში გადატანის მიზნით, რასაც, ექსპერტების შეფასებით, სამიდან ოთხ წლამდე დრო დასჭირდება. ტრამპის მხრიდან ისრაელის პოზიციის მხარდაჭერა, მთელი იერუსალიმის მის დედაქალაქაც ცნობით, წარმოადგენს რადიკალურ ცვლილებას აშშ-ის მიერ ათწლეულების განმავლობაში გატარებულ პოლიტიკაში, რომელიც ქალაქის სტატუსის გადასაწყვეტად ითვალისწინებდა მოლაპარაკებას პალესტინელებთან. ამ უკანასკნელებს იერუსალიმის აღმოსავლეთი თავიანთი სამომავლო სახელმწიფოს დედაქალაქად ესახებათ. ტრამპმა თქვა, რომ კვლავაც აპირებს ყველაფერი გააკეთოს სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად, რომელიც მისაღები იქნება როგორც ისრაელისთვის, ისე პალესტინელებისთვის. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ “ისტორიული” უწოდა ტრამპის განცხადებას და სხვა ქვეყნებსაც მოუწოდა მიბაძონ აშშ-ს და საელჩოები იერუსალიმში გადაიტანონ. თუმცა, პალესტინელთა გათავისუფლების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, საებ ერეკატმა განაცხადა, რომ ტრამპის გადაწყვეტილებამ გაანადგურა ორი სახელმწიფოს პერსპექტივა და დასძინა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა თავის ქვეყანას დისკვალიფიკაცია გაუკეთა სამშვიდობო პროცესში “ნებისმიერი როლის” შესრულებისთვის. პალესტინელები და არაბული ქვეყნების ლიდერები, ისევე, როგორც აშშ-ის წამყვანი მოკავშირეები და გაეროს გენერალური მდივანი, ტრამპს აფრთხილებდნენ, რომ ეს ნაბიჯი შეიცავს მთელს ახლო აღმოსავლეთში ძალადობის პროვოცირების და სამშვიდობო პროცესის გართულების საფრთხეებს.

Leave a Reply