995 571536600 contact@protestant.ge

დღეს მუსლიმური სამყარო ყურბან ბაირამს აღნიშნავს.

მსოფლიოს მასშტაბით მუსლიმები ყურბან-ბაირამის ანუ მსხვერპლშეწირვის დღესასწაულს აღნიშნავენ. ყურბან-ბაირამი დღეს დაიწყო და 5 სექტემბრამდე გაგრძელდება.
ყურბან-ბაირამი მარხვის თვიდან, რამაზან ბაირამიდან 70-ე დღეს აღინიშნება.
მსხვერპლშეწირვის დღესასწაულის აღნიშვნის ტრადიცია დასაბამს ცნობილ ბიბლიურ სიუჟეტში იღებს, რომელიც აბრაამის მიერ, მისი შვილის, ისააკის მსხვერპლად შეწირვაზე მოგვითხრობს. თუმცა პირველპატრიარქ აბრაამის ნაცვლად, ყურანი წინასწარმეტყველ იბრაჰიმს იხსენიებს. მას სამსხვერპლოზე უფროსი შვილი, ისმაილი მიჰყავს და არა ისააკი – რომელიც ყურანის მიხედვით, იბრაჰიმის მეორე შვილია. მუსლიმთა წმინდა წიგნი გვიამბობს, რომ იბრაჰიმს ძილში ანგელოზი ჯაბრაილი მოევლინა და ალაჰის სურვილი გადასცა. მას უზენაესისთვის საკუთარი პირმშო უნდა შეეწირა. იბრაჰიმი დამორჩილდა ღვთის ნებას, გაემართა იმ ადგილისკენ, სადაც დღეს მექა დგას და რიტუალის აღსასრულებლად სამზადისს შეუდგა. როდესაც ალაჰმა დაინახა, რომ იბრაჰიმი მზად იყო მსხვერპლად გაეღო ერთადერთი შვილი – კრავი მოავლინა და ისმაილის ნაცვლად სწორედ მისი შეწირვა მოსთხოვა წინასწარმეტყველს – ნიშნად იმისა, რომ იბრაჰიმმა გამოცდა წარმატებით ჩააბარა.
მსხვერპლშეწირვის დღესასწაულზე მუსლიმი მამაკაცები მზის ამოსვლისთანავე კითხულობენ თაქბირს, ალაჰის განდიდების ლოცვას, რომელიც გრძელდება მეორე და მესამე დღესაც, ყოველდღიური ხუთჯერადი ლოცვის შემდეგ.
მუსლიმებს სწამთ, რომ ალაჰისადმი უზენაესი სიყვარულის გამოხატვის ნიშნად ამ დღეს ყოველმა მორწმუნემ უნდა შესწიროს შინაური ცხოველი.
დღესასწაულზე დაკლული ცხოველის ხორცი სამად ნაწილდება, ერთი გაჭირვებულებს უნაწილდებათ, ერთიც მეზობლებს, განურჩევლად რწმენისა და აღმსარებლობისა, ხოლო ერთს ოჯახში იტოვებენ.

Leave a Reply