995 571536600 contact@protestant.ge

Церковь

dsc_0037                      კომფესიური კუთვნილება
  უფალმა იესო ქრისტემ მათ. 16:18; თქვა: “და ამ კლდეზე ავაშენებ ჩემს ეკლესიას და მას ვერ დასძლევს ჯოჯოხეთის ჭიშკარი”. იესო ქრისტეს დღეებიდან დღემდე მსოფლიოში ჩამოყალიბდა ქრისტიანობის  სამი ძირითადი აღმსარებლობა: მართლმადიდებლობა, კათოლიციზმი და პროტესტანტიზმი. თავის მხრივ ამ სამივე აღმსარებლობის წიაღში წარმოიშვა ბევრი დენომინაცია და მიმდინარეობა.
საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესია არის მსოფლიო ქრისტიანული ეკლესიის ნაწილი და მიეკუთვნება ქრისრიანული ეკლესიის პროტესტანტულ ფრთას.
საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესია, ისევე, როგორც მართლმადიდებელი და კათოლიკური ეკლესიები აღიარებს ქრისტიანულ ეკლესიაში  საეკლესიო კრებების მიერ მიღებულ ისტორიულ დოკუმენტებს: მოციქულთა, ნიკეა-კონსტანტინეპოლის და ათანასეს სარწმუნოების სიმბოლოებს.
საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესია აღიარებს სულიწმინდით ნათლობას უცხო ენებზე ლაპარაკის ნიშნით.
ეკლესია არ მიეკუთვნება რომელიმე არსებულ დენომინაციას, არამედ არის არადენომინაციური  დამოუკიდებელი ქრისტიანული ეკლესია.
ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესიის ღვთისმეტყველების საფუძველია ბიბლია, ძველი და ახალი აღთქმის კანონიკური წიგნები. ეკლესია პატივისცემით ეპყრობა ისტორიულ ეკლესიაში შექმნილ ნაშრომებს,  საუკუნეების განმავლობაში მოღვაწე  წმინდა მამათა სწავლებას, საეკლესიო გადმოცემას და ასე შემდეგ. მაგრამ ეკლესიაში ბიბლია, ძველი და ახალი აღთქმის კანონიკური წიგნები, არის ერთადერთი უცდომელი სახელმძღვანელო ღვთისმეტყველებაში და საეკლესიო სწავლებაში. ბიბლია არის სტანდარტი ეტალონი, რაზეც უნდა გასწორდეს ნებისმიერი სწავლება და ნაშრომი თანამედროვეც და ისტორიულიც.
                                                              სახელმწიფოსთან ურთიერთობა
 1366lev_4436 “ყოველი სული დაემორჩილოს უმაღლეს ხელისუფლებათ; ვინაიდან არ არსებობს ხელისუფლება, თუ არა ღმერთისაგან, ხოლო არსებულნი ღმერთის მიერ არიან დაგენილნი. ამიტომ ხელისუფლების მოწინააღმდეგე ეწინააღმდეგება ღმერთის დადგენილებას, ხოლო მოწინააღმდეგენი მსჯავრს დაიტეხენ თავზე. რამეთუ უფროსნი საშიშნი არიან არა კეთილი საქმეებისათვის, არამედ ბოროტისათვის. თუ გსურს, რომ ხელისუფლებისა არ გეშინოდეს, კეთილი აკეთე და ქებას მიიღებ მისგან; ვინაიდან იგი ღმერთის მსახურია შენდა სასიკეთოდ. მაგრამ თუ ბოროტებას იქმ, გეშინოდეს, რამეთუ ტყუილად როდი ატარებს მახვილს; ის ღმერთის მსახურია რისხვით შურისმაძიებელია ბოროტმოქმედებზე. ამიტომ უნდა დავემორჩილოთ არა მარტო რისხვის არამედ სინდისის გამოც.რომ. 13:1-5;
   “ამრიგად უწინარეს ყოვლისა შეგაგონებთ ჰყოთ ვედრებანი, ლოცვანი, შუამდგომლობანი და მადლიერებანი ყველა ადამიანისათვის, მეფეებისა და ყველა მბძანებლისათვის, რათა მშვიდად და წყნარად ვიცხოვროთ სრული ღვთისმოსაობით და პატიოცნებით; ვინაიდან ეს კეთილი და სათნოა ჩვენი მაცხოვარი ღმერთისათვის.1ტიმ 2:1-3;
ჩვენ გვწამს, რომ ქრისტიანი უნდა იყოს კანონმორჩილი, პატიოსანი  მოქალაქე. თავისი ქვეყნის მოყვარული, მლოცველი და მზრუნველი მისი წარმატების და დაცვისათვის.
საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესია რეგულარულად აღავლენს ლოცვებს ქვეყნის (საქართველოს) უმაღლესი ხელისუფლებისათვის: პრეზიდენტი, პრემიერ მინისტრი, პარლამენტი, ადგილობრივი თვითმმარველობა და ასე შემდეგ.
ჩვენის მხრივ მშვიდობიანი მეგობრული ურთიერთობა გვაქს და პატივისცემით ვეპყრობით საქართველოში არსებულ ყველა რელიგიურ გაერთიანებას.
მიგვაჩნია, რომ ქვეყნის მოწყობის საუკეთესო ფორმა ქვეყნის დემოკრატიული პრინციპებით მოწყობაა, სადაც მაქსიმალურად იქნება დაცული ადამიანის ძირითადი და ფუნდამენტალური უფლებები. უმთავრესი ღირებულება კი უნდა იყოს თავუფლება და თანასწორობა.
საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესია თვლის რომ ეკლესია უნდა იყოს გამიჯნული სახელმწიფოსაგან. რელიგიური აზრთა სხვადასხვაობა არ უნდა ხდებოდეს ძალადობის მიზეზი. საზოგადოება უნდა იყოს ტოლერანტული, თავისუფალი და მაქსიმალურად დივერსიფიცირებული ყველა რელიგიისათვის.
                                                                                  იურიდიული სტატუსი
small_4340img_9265
  საქართველოში ვარდების რევოლუციამდე  შეუძლებელი იყო რელიგიური ორგანიზაციების სახელმწიფო რეგისტრაციაში გატარება, რადგან არ არსებობდა შესაბამისი კანონი. იმისათვის, რომ არ დარჩენილიყო  კანონგარეშე, საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტულმა ეკლესიამ  დააფუძნა ფონდი სახელწოდებით “ერთობა” და საქმიანობას ახორციელებდა როგორც საზოგადოებრივი ორგანიზაცია-ფონდი. საქართველოში მომხდარი ვარდების რევოლუციის შემდეგ, ქვეყანაში დაიწყო პოზიტიური ძვრები, რაც ასევე შეეხო რელიგიის სფეროსაც, შესაძლებელი გახდა რელიგიური ორგანიზაციების რეგისტრაცია, როგორც არამომგებიანი არაკომერციული იურიდიული პირი (ააიპ). მაგრამ ეს არ წყვეტდა ქვეყანაში რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლების პრობლემას,  რწმენისა და აღმსარებლობის სრული თავისუფლება გამორიცხავს ერთი რომელიმე აღმსარებლობის პრივილიგირებურ მდგომარეობას. ამ სფეროში ბევრი რამ იყო და არის გასაკეთებელი და ბევრი შრომაა გასაწევი.  საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტულ ეკლესია არის საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული რალიგიათა საბჭოს წევრი და საბჭოს საქმიანობის აქტიური მონაწილე.  ამ ფორმატში იმართებოდა ბევრი შეხვედრა და დისკუსია,  ნელნელა მზადდებოდა საფუძველი უფრო ქმედითი ცვლილებებისათვის.
2011 წლის ივლისის თვეში საქართველოს პარლამენტმა მიიღო ისტორიული კანონი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი გახდა საქართველოში არსებულ რელიგიურ გაერთიანებებს მიეღოთ სახელმწიფო რეგისტრაციის ის ფორმა რომელიც მათ სურდათ. არამომგებიანი არაკომერციული იურიდიული პირის სტატუსი (ააიპ) თუ საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი (სსიპ), ან საერთოდ უარი ეთქვათ რეგისტრაციაზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უკვე ყველაფერი გაკეთებულია. ჯერ კიდევ უამრავი სამუშაოა ჩასატარებელი, რომ მიღწეული იქნას ტოლერანტული გარემო, თანასწორობა და რეიგიური შემწყნარებლობა და აღმოფხვრილი იქნას დიკრიმინაცია.
საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტულმა ეკლესიამ 2012 წლის 19 აპრილს გაიარა რეგისტრაცია, მოიპოვა (სსიპ) სტატუსი და დღეისათვის არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი:   “საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესია”.
                                                       ეკლესიის სტრუქტურა
  საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესია მოიცავს საქმიანობის ფართო სპექტრს, რომლებიც დაკავშირებულია ერთმანეთთან საერთო საქმეზე პასუხისმგებლობით, ეკლესიაში სტრუქტურულ მოწყობას და საქმიანობის მმართველობას ახორციელებს ეკლესიის სულიერი საბჭო,  პასტორები და ასევე კონკრეტული საქმიანობის სფეროს ხელმძღვანელები-“ლიდერები”, საეკლესიო  იერარქიაში უმაღლეს იერარქს წარმოადგენს ეკლესიის მწყემსი “უფროსი პასტორი”.